ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მოკლე ისტორია

ზესტაფონში ფეროშენადნობი ქარხნის მშენებლობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: ჭიათურის მანგანუმის საბადოსთან მეზობლობამ და მაგისტრალურ გზებთან და პორტებთან სიახლოვემ.

ქარხნის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო, ხოლო პირველი ჩამოსხმა 1933 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა. ეს დღე ოფიციალურად მიჩნეულია ქარხნის ამუშავების დღედ. 1937 წლის ბოლოს ქარხანამ აწარმოა ფეროშენადნობების 11 ნაირსახეობა და ამის შემდეგ ფერომანგანუმის ქარხანა ფეროშენადნობთა ქარხნად ტრანსფორმირდა.

წლების მანძილზე ზესტაფონის ქარხანამ გააფართოვა საქმიანობა და წარმოების შესაძლებლობები, რათა მაღალხარისხიანი ფეროშენადნობის წარმოების საერთაშორისო მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. საწარმოში მუშაობს 12 ელექტროთაღიანი ღუმელი მაღალი დონის ჰაერის გასაფილტრი დანადგარით, სააგლომერაციო ქარხანა და მანგანუმის ბრიკეტების განახლებული საამქრო. როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მუდმივად აახლებს წარმოების მეთოდებს, იძენს თანამედროვე დანადგარებს, რათა გაიმყაროს პოზიციები ბაზარზე, შეინარჩუნოს ბაზრის მზარდი წილი და ლიდერის პოზიცია.

ბოლო პერიოდში დანერგილი სიახლეები მოიცავს ახალ ელექტრო ხიდურ ამწეს, შეკეთებულ ჩამომსხმელ დანადგარს, გაუმჯობესებულ საჰაერო ფილტრაციის სისტემებს და ჰიდრო სეპარაციის უბანს, რომელიც ახორციელებს ნარჩენი წიდიდან მანგანუმის მაქსიმალურ გამომუშავებას და წარმოადგენს უნარჩენო წარმოების ტექნოლოგიას. ზესტაფონის ქარხანა აგრძელებს ინვესტირებას განვითარებას, კვლევებსა და მაღალ ტექნოლოგიებში.

2018 წელს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ 223,000 ტონა სილიკომანგანუმი და 6,000 ტონა ფერომანგანუმი აწარმოა. მის მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ძირითადად გადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ ამერიკაში, რუსეთსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში.

 

 

 

 

Go to top